среда, 30 января 2013 г.

ზვიად რატიანი..



აი ისინიც, ცუდი დღეები. მთელი ღამე ბომბავდნენ ქალაქს
და არსად გვქონდა გასაქცევი. როცა ინათა,
ხმაური მიწყდა. მე გავედი აივანზე -
განთიადის ირიბ მზეში ირხეოდნენ
ქალაქის თავზე ერთ ღამეში ამოზრდილი
გიგანტური ხეები კვამლის
და ჯერ კიდევ მოგიზგიზე ცეცხლის ფესვებით
ჩაჭიდებოდნენ მძინარეებს; ახლა უკვე
სამუდამოდ მძინარეებს,
რომლებსაც შემდეგ შევიცოდებ,
ჯერ ადრეა. ჩემი გული სავსეა რწმენით,
რომ მეც, ჩემებიც, გადავრჩებით, მორიგი ჭურვი
სხვა სახლს მოხვდება, თუნდაც იმას – მოპირდაპირეს,
ხოლო ჩვენი – გადარჩება. მე ცას ავყურებ,
საიდანაც მოველი საფრთხეს, საიდანაც მოველი შველას,
თვალს არ ვაშორებ – რათა მზერა არ გამექცეს
მოპირდაპირე სახლისაკენ, რომლის ერთ-ერთ აივანზე გამოდის კაცი
და ცას აჰყურებს. მისი გულიც სავსეა რწმენით.

უფრო მეტი ვიდრე სიტყვები..


თორნიკე ჭელიძე

27 თებერვალს გამართული

საღამოდან "წამო, შევიშალოთ

როგორც პოეტები"..

ნიკა ჩერქეზიშვილი..


ყველაფერი კარგად არის – მკვდარი ხარ.
მე ვსვამ ურთულეს კითხვას:
არის თუ არა – ეს ის მწვერვალი, საიდანაც ქვევით აღარ ეშვები და მხოლოდ ზევით მიფრინავ?
უდიდესი მასწავლებლები მპასუხობენ – \”შენ უკვე იცი\”.
მოკლედ – გუშინ საღამოს შევხვდით – მე, სულიერი კარიერისტი და პატარა უფლისწული.
ვილაპარაკეთ პოეზიაზე,
გადავიღეთ ფოტოები,
ყველაზე კარგი წარსულისმეტყველის ფოტო გამოვიდა,
მას კატა (სახელად – ბონდო) უჭირავს ხელში და გულზე ხის სათამაშო ორთქლმავალი კიდია,
როგორც მე – ჩემს ფოტოზე – ვერცხლის პატარა ბეღურა ჩიტი
და ვარსკვლავბიჭუნას – წმინდა გიორგის ხატი.
მეღიმება,
თქვენ კი – ტყუილად ცდილობთ გაიგოთ რამე,
მხოლოდ ზოგმა იგრძნოს შეიძლება,
სიმსუბუქე,
უშუალობა,
ჩვენი სინამდვილე და
რომ -
ყველაფერი კარგად არის – მკვდარი ხარ.
შენს მაგივრად ღამეს ახლა სხვა ათევს,
სხვა რა გზაა და მოუწევთ კაი ხანს
მოლოდინი – საკრედიტო ბარათებს -
პირველ რიგში, მათი მეტი გმართებდა,
მერე მოვყვეთ – მოშურნეებს, პოეტებს,
ერთ მეზობელს, ვინც პრობლემებს გმატებდა,
ორ მეზობლის ბიძაშვილს და მოვედი -
აქ გავჩერდეთ, რა ჩამოთვლით უკლებლივ -
ან – რას მოგვცემს მათი ერთად თავმოყრა,
ჩვენ ვიტოვებთ მხოლოდ იმის უფლებას,
ჩვენს ნებაზე სასხლეტს თითი გამოვკრათ -
ორ ხიდს შუა, სუიციდის ქუჩაზე,
საიდანაც ყველაფერი დაიწყო,
თქვენ მაინც ნუ შეშინდებით, მადმ(უ)აზელ,
ჩვენ არ ვცდილობთ, რომ ცხოვრება ავიწყოთ
თქვენი თხელი, სიფრიფანა თითებით,
თქვენს თვალებში მოციმციმე ოცნებით,
არა! ჩვენ ვართ მზისბეღურა ჩიტები,
მეღიმება, ვგრძნობდი – გაიოცებდით,
დიახ, დიახ, უბრალოდ და მარტივად,
უფრო მეტიც – თითქმის ჩვეულებრივად,
ქუჩა-ქუჩა ლეკვებივით დავდივართ,
მოგვწონს, როგორც კისკისებთ და…
ძმები ვართ,
ცოცხლები ვართ, ჰო, დამშვიდდით, ვიხუმრეთ,
მე ჟიულიენს მეძახიან – ეს ისე,
ზედვაკელო – შენ კეპი დაიხურე,
აბუთიძე – \”ბონდო\” მხარზე შეისვი.
გვაპატიეთ, ახლა უნდა დაგტოვოთ,
ფიზიკურად, მხოლოდ, ნუ მოიწყინეთ,
ნახეთ – ახლა გუბეებში გავტოპავთ
სამივე და თქვენ თუ გინდათ – იცინეთ.
p.s. დავლიეთ ორი ლიტრი ლუდი და არ გვეყო. საჭმელი ფაქტიურად არ გვიჭამია. დავიშალეთ გვიან. აბუთიძე დარჩა შუაში, მე წავედი მარჯვნივ, ზედვაკელი – მარცხნივ. სახლში მისულმა გადავშალე ვამეხის წიგნი და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე – გადაიშალა ზუსტად იმ ფურცელზე, სადაც წერია:
\”ისევ უძლური ირონია მეუფლება. მე მოვიკლავ თავს, როცა აღარ იქნება მოსალოდნელი ყველაფერი ის, რაც მოხდა. დინჯად, მშვიდად გავტენი იარაღს და ღიმილით ვესვრი ჩემს შუბლს. \”ეს იქნება ერთადერთი ღირსშესანიშნავი ამბავი, ჩემო გურამ, შენს ცხოვრებაში, რომელსაც შემდეგ ვეღარ აღიქვამ თუ გადმოსცემ\” – ვეუბნები ჩემს თავს, ნერვიულად მეღიმება, მე ხომ ასე ძალიან მიყვარს კარგი ხუმრობა, როცა მარტო ვარ ხოლმე ჩემს თავთან დარჩენილი.\”
***

ზოგადად პოეზიის შესახებ..

“პოეზია თამაშია… პირველი პოეტი-პერფორმერები – ბერძენი აედები, რომლებიც ცეკვა-სიმღერით ლექსავდნენ, რას იფიქრებდნენ, რომ ოდესმე პოეზია ასეთი ტვინის ჭყლეტის ობიექტი იქნებოდა. ისინი ცხოვრობდნენ თავიანთივე ნამღერ პოეტურ კონტექსტში და ამაში “კაიფს” იჭერდნენ. ეგ იყო და ეგ. 10-იან წლებში ავანგარდისტების მიერ შემოგდებული “ფსიქიკური ავტომატიზმის” პრინციპი რეალურად დიდი ხნის წინ ანტიკურ ცივილიზაციაში განხორციელდა, როცა ღვინისა და გარუჯული ბერძენი ნაშების თანხლებით ექსპრომტად იმღერებოდა ლექსები” – ეს სიტყვები ერთ-ერთ თანამედროვე ქართველ პოეტს, პაატა შამუგიას ეკუთვნის.ძნელია იმის მიჩნევა, რომ თითქოს თანამედროვე ქართველ პოეტთა უმრავლესობა პოეზიის არსს ასე იაზრებს, მაგრამ შემთხვევითი არაფერია… პოეზია თამაში რომ არის და ამქვეყნიური ნორმა-ჩარჩოებისგან დამოუკიდებელი თავისუფალი სივრცე-სამყარო და თან დამოკიდებული სალექსო ჩარჩოებზე, პოეზია რომ ქაოსია და სიტყვათა ფერხული, რომლის დროსაც როგორც გინდა, სიტყვებს ისე აბურთავებ – ამ ყველაფერზე საუკუნეების განმავლობაში არაერთი რამ თქმულა.

ვერლიბრი

ფრანგ. vers libre - თვისუფალი ლექსი..

ურითმო ლექსი, რომლის ტაეპები არათანაზომიერია და მარცვალთა რაოდენობა ნებისმიერი. თავისუფალია აგრეთვე ტაეპების შეწყობა და სტროფული კომპოზიცია, მაგრამ აუცილებელია ტაეპთა სალექსო სტრიქონებად განლაგება და რიტმულ-ინტონაციური შეწყობა.
ვერლიბრმა განსაკუთრებული პოლულარობა მოიპოვა დასავლეთ ევროპაში, XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში, სიმბოლისტი პოეტების შემოქმედებაში.

პოეტის მოწოდება - მცირე რეპლიკა ვერლიბრის შესახებ
კითხვაზე, თუ რა არის პოეზია, დღემდე არავის მოუცია ყველასათვის მეტნაკლებად მისაღები პასუხი. პოეზიის აღთქმა-გაგება და სიყვარული უმეტესწილად სუბიექტურია, ამიტომ მისი განმარტებაც ყოველთვის სუბიექტური და არასრული იქნება. ამ შემთხვევაში პოეზია რელიგიას ჰგავს, ისიც რწმენის თავისუფლებაზეა დაფუძნებული. პოეზიაში ყველა თავის ღმერთებს, კერპებს, ხატებსა და წმინდანებს ირჩევს, როგორც იტყვიან, ყველა თავის რჯულზე სწირავს. ეს არ არის გემოვნებათა აღრევა, ამიტომაც მსჯელობენ და კამათობენ მასზე. მაშასადამე, პოეზია მხატვრული მრწამსისა და გემოვნებისადმი თაყვანისცემაა: მე ეს მწამს, მე ეს მიყვარს. ალბათ ამიტომაც არის ჭეშმარიტ პოეზიაში, როგორც ლოცვა ვედრების, გალობა-ღაღადის, ისე კურთხევა-შეჩვენებისა და ზებუნებრივ ძალებთან მისტერიული ზიარების ელემენტებია.
ხოლო თუ უბრალოდ და პირდაპირ ვიტყვით, ყველაფერი ის, რაც გულს შეგვთრთოლებს და ესთეტიკურ ტკბობას მოგვანიჭებს, უკვე პოეზიაა ფართო გაგებით. პოეზია გულის კულტია, ადამიანის ლამაზი და ამაღლებული სულიერი მდგომარეობის გამოხატვაა, ოღონდ მძაფრებული გამოხატვა. პოეზია სიმახინჯეშიც (არაესთეტიკურშიც) სილამაზეს აღმოაჩენს (აბრეშუმის ჭიიდან ფერებხასხასა პეპელა იჩეკება). პოეზია ყოველწამიერი პროზაული ერთფეროვნების ჯაჭვიდან ამოვარდნაა, სულის ფრთაშესხმული მდგომარეობაა. ტკივილისა და მწუხარების ამსახველი სტრიქონიც კი შემოქმედებითი სიხარულით იქმნება. ძველი სწავლულები პოეტური შემოქმედების პროცესს “ღვთაებრივ სიშმაგედ”, “ღვთაებრივ ბნედად” ნათლავდნენ, რომლის დროსაც თითქოს წინასწარმეტყველების ზეგარდმო ნიჭიც მჟღავნდებოდა.

პოეზიას სხვაზე ბევრად უფრო მგრძნობიარე ადამიანები ქმნიან. სწორედ ისეთები, რომლებიც სულიერ ღველფს ატარებენ.
პოეზია “მოაზროვნე ლერწამის დრტვინვაცაა”, პოეზია ოცნების ფენომენია და მას მეოცნებეები ქმნიან. ოცნების შეჩერება კი შეუძლებელია. ამიტომაც უსწრებს პოეზია თავის დროს, უკვე არსებულსა და დაკანონებულს, მოითხოვს მის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, კიდევ უფრო გალამაზებას.

მე მიყვარს სულიერი მხნეობის მომნიჭებელი პოეზია, რომელიც წარმართული ჟინით ეწაფება სიცოცხლის სიყვარულს, რომელსაც სილამაზე და სიხარული შემოაქვს ყოველდღიორი ყოფითობის პროზაულობაში. პოეზია ჯანსაღი უნდა იყოს და ზნეობრივად უნდა ასპეტაკებდეს ადამიანებს, იგი კარგ მამულიშვილებად უნდა ზრდიდეს ახალ თაობებს, უნდა აღვივებდეს მათში ჰუმანურობის, სამართლიანობის მაღალ იდიალებს.
ვერლიბრზე ვიტყვი ორიოდე სიტყვას. რატომღაც ზოგიერთმა ლიტერატორმა მე ვერლიბრის პირველ მტრად გამომაცხადა. ეს უბრალო გაუგებრობაა.
ასე რომ იყოს, მე თვითონ აღარ დავწერ თავისუფალ ლექსს.. მე ვებრძვი თავისუფალ ლექსად შემოჩეჩებულ პროზას და პწკარედს, თავისუფალი ლექსი შეიძლება იყოს ვერსფიკაციურად თავისუფალი პირობითობებისაგან, რითმა იქნება ეს, რიტმი თუ მეტრი, მაგრამ არა აზრისაგან და გრძნობისაგან ასეთი ვერლიბრის ნიმუშები ან ტევადი ფორმის გაყალბებაა და დაკნინება. სინამდვილეში თავისუფალი ლექსი რთული პოეტური ინფორმაციის გადმოცემის დიდ საშუალებას იძლევა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მას კლასიკურ ლექსთან შედარებით ერთი უპირატესობა გააჩნია: ვერლიბრის სივრცე მოშიშვლებულია და იქ უნიჭობა ვერ დაიმალება, როგორც ეს ხდება ხოლმე კლასიკურ ლექში, სადაც ვირტუოზულ რითმებს, მელოდიკას, ტექნიკურ ილეთებსა და რიტმულ ექსპრესიას ზოგჯერ მოხერხებულადაა ამოფარებული უნიჭობა. ჩემთვის გულსატკენი ის გახლავთ, რომ ვერლიბრს ხშირად ისეთ ავტორები მიმართავენ, რომლებსაც, უბრალოდ, არც ოსტატობა და არც სულიერი ენერგია არ ყოფნით სტრიქონების გასარითმავად, ისე, რომ ლექს უნებრიობა არ დაუკარგო. ასეთ ავტორებს ჩვეულებრივ განსაკუთრებული არაფერი აქვთ სათქმელი, მათი თავისუფალი ლექსი ჩვეულებრივი პროზაა, ოღონდ გრაფიკულად ლექსივით ჩამოწერილია, თანაც ყოველგვარი კანონზომიერების გარეშე. ვერლიბრის ტევადობის გასავსებად დიდი აზროვნება, დიდი ნებათაღელვა და სულიერი ენერგიაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უხერხემლო პწკარედად ანდა პროზად აღიქმება.